Wednesday, March 30, 2011

ბატონი უიღბლო

როცა ბატონი უიღბლო ქათამს კვერცხებს აცლის, ისინი ყოველთვის ლაყეები გამოდგებიან ხოლმე. ბატონი უიღბლო კი საათობით იმტვრევს ტვინს რა მოუხერხოს კვერცხებს, ბოლოს კრუხს უწყობს საბუდარში-ის არაფერს ყრის ნაგავში.


როცა ბატონი უიღბლო დილით ადრე დგება და ქალაქში პენსიის ასაღბად მიდის, ავტობუსი სწორედ იმ დროს გადის ბაქნიდან, როცა უიღბლო სადგურის შესასვლელში დგას. ბატონი უიღბლო თავის საყვარელ თხილის ტოტისგან გამოთლილ ჯოხს იჭერს და ქალაქში ფეხით მიემართება-ის არასოდეს იკრეფს გულზე ხელებს.

როცა ბატონი უიღბლო ქალაქში ჩადის ბანკი უკვე დაკეტილი ხვდება. უიღბლო თავის ქალაქელ მეგობართან მიდის სტუმრად, თუმცა ის სახლში არ ხვდება. მეგობრის ვაჟი თავაზიანად ეკითხება რამეს ხომ არ ისურვებდა, ბატონი უიღბლო კი ვაჟს თავისი პენსიის ოდენობის თანხას სესხად ართმევს, უტოვებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას რათა ყმაწვილმა მორე დილით ბანკიდან უიღბლოს პენსია გამოიტანოს და საბუთი უკან ფოსტით გაუგზავნოს მოხუცს-ბატონი უიღბლო ბევრს ფიქრობს, შემდეგ მოქმედებს.

საჭირო ნივთების ყიდვის შემდეგ, სახლში დასაბრუნებლად მთავარი მაგისტრალის გადაკვეთა უწევს, როცა გადაკვეთას აპირებს მაშინვე მწვანე შუქი ინთება და მანქანებიც მოძრაობას იწყებენ-ბატონი უიღბლო აუღელვებლად დგას და ელის მის ჯერს. მოძრაობა არ წყდება, ბატონი უიღბლო კვლავ მარჯვენა მხარის ბორდიურებს მიუყვება სანამ მიწისქვეშა გადასასვლელს არ იპოვნის და გზას არ გადაკვეთავს-ის მუდმივ მოძრაოობაშია.

როდესაც სახლში მოსეირნობს უღამდება და ტყიდან მგლების ყმუილი ესმის. უკუნეთ სიბნელეში ფეხი უსრიალდება და ორმოში ვარდება. ყველანაირად ცდილობს მაგრამ უკან ვერ ამოდის, ჯდება, ფიქრობს, წვება და იძინებს. დილის პირველ ათინათზე ხედავს ორმოს კლდოვან ფერდს და ჯურღმულიდან ამოდის. შინ გამთენიისას ბრუნდება-ის ყოველთვის ბრუნდება სახლში.

შინ მისულს შვილიშვილი გარდაცვლილი ხვდება. ეზოში უამრავი ხალხი, კვნესა გოდება...ბატონი უიღბლო ოთხში იკეტება და ლოცვას იწყებს, მოსთქვამს და ლოცულობს. მეორე დღეს გამოდის ოთახიდან, თუმცა შვილიშვლი კვლავ უსულოდ მწოლიარე ხვდება.

ბატონი უიღბლო კვლავ იკეტება კელიაში უფრო მეტს ლოცულობს, ევედრება ღმერთს შვილიშვილის გადარჩენას. მოსთქვამს და ცრემლები დაჭმუჭნულ ღარებზე ნიავღვარივით ჩამოსდის. შემდეგ დღეს გამოდის ოთახიდან, მიდის შვილიშვილის სასახლესთან-ბიჭი კი კვლავ გალურჯებული ხვდება, ეზო ცრემლის ტბით ავსილი.

ბატონი უიღბლო მარტოდმარტო იკეტება ოთხაში. გულმხურვალედ აგრძელებს ლოცვას, სჯერა, რომ მხოლოდ გულწრფელ ლოცვას შეუძლია ბავშვის გაცოცხლება. გოდებს, ლოცულობს და ქრისტეგაკრულ ჯვარს ეთაყვანება.
ტირის,
ლოცულობს,
მოსთქვამს,
ლოცულობს,
ლოყებს იხოკავს,
ლოცულობს.

შემდეგ დღეს კვლავ გამოდის ოთახიდან და შესასვლელში გვამს ვეღარ ხედავს, გახარებული ეძებს შვილებს თუმცა გვერდით ოთახში გადასვენებულ შვილიშვილს ნახუმობს.

მოხუცი კვლავ ბრუნდება კელიაში. ცხოვრება მისთვის მარტივი არ ყოფილა-თუმცა ვერაფერმა დაამარცხა, ყველაფერს წინ აღუდგა. იცოდა, რომ არ დანებდებოდა, ვერც სიკვდილი დააჩოქებდა ცხოვრების მუხლთან. ბატონი უიღბლო უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა, წარმოიდგენდა შვილიშვილის სიცოცხლით აღსავსე ლურჯ თვალებს და ქრისტეს მათ გახელას შესთხოვდა. ტიროდა. იცოდა, რომ ადამიანი ქვაზე მაგარი და ცხოვრებაზე ძლიერია, სჯეროდა, რომ სინათლე მაშინ წარმოიშობა, როცა ბნელა.

ლოცვისაგან გათანგული გამოვიდა დილით ოთახიდან და დაინახა სიკვდილი, დივანზე მჯდომი. კედელზე დაკიდებული ქრისტეგაკრული ჯვრის ქვეშ მისი გაცოცხლებული შვილიშვილი იჯდა და ხელებში ლაყე კვერცხს ათამაშებდა.


თუკი ოდესმე დაბრმავდება-სმენით გაიკვლევს გზას.

თუკი დამუნჯდება-ჟესტებით გააგებინებს ხალხს.

თუკი მოკვდება-ლოცვით აღსდგება მკვდრეთით.

 2011.

No comments:

Post a Comment